სამართალი
აზარტული თამაშების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემაა - მეუფე შიო

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აზარტული თამაშები, სულიერი თვალსაზრისით, არის აბსოლუტური ბოროტება.

ეს ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ოჯახებს, ახდენს დეგრადირებას, ადამიანი ემონება ცოდვას, არის ცოდვის ტყვეობაში. უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა პროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს ითვალისწინებს“,- აღნიშნა პატრიარქის თანამოსაყდრემ.

საპატრიარქოში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობდა.

შეხვედრას, რომელიც საპატრიარქოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ინიციატივით ტარდებოდა, „იუნისეფის“ წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეები საქართველოში აზარტული თამაშების ნეგატიურ გავლენაზე მსჯელობდნენ.