უცხოეთი
საქართველომ და რუსეთმა ტვირთების მონიტორინგზე მოლაპარაკებები გამართეს

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. საზღვარზე საქონლის მონიტორინგის შესახებ გადაუჭრელ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შემდეგი სხდომა 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

საქართველოსა და რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და საქონლის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს დადებული შეთანხმების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გადაუჭრელ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე კვირაში ბერნში გაიმართა, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების მოძრაობის საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაივლის სავაჭრო დერეფნები რუსეთიდან საქართველოში, ხოლო მხარეები მოიწვევენ საერთაშორისო შუამავლებს, რომლებიც გააკონტროლებენ ტვირთების ნაკადს და მათ მარკირებას განახორციელებენ.

„სხდომის მსვლელობისას, რომელიც გაიმართა შვეიცარიის თავმჯდომარეობით, რუსულმა და ქართულმა დელეგაციებმა განაგრძეს შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გადაუჭრელი საკითხების განხილვა. დისკუსია კონსტრუქციულ და არაპოლიტიზირებულ ატმოსფეროში გაიმართა და გამოავლინა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად მხარეების მზადყოფნა. მიღწეულია შეთანხმება წინსვლის მიზნით, შვეიცარიის ხელშეწყობით, შემდგომი ურთიერთქმედების შესახებ", – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამუშაო ჯგუფის შემდეგი სხდომა 2020 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

საერთაშორისო შუამავალთან დაკავშირებით მხარეებმა არჩევანი შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA-ზე (SGS) შეაჩერეს. მან უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით, კონკრეტულად კი სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალებზე.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არ კონტროლდება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება სურს. საქართველოც მომხრეა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

sputnik-georgia.com