პოლიტიკა
საარჩევნო მოლაპარაკებები შეფერხდა, მხარეები კი ერთმანეთს ბრალს სდებენ

archevnebi„საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები „მნიშვნელოვნად შეფერხდა“, ვინაიდან ხელისუფლებამ უარი თქვა „ოპოზიციური რვიანის“ „რაციონალურ და დასაბუთებულ“ წინადადებებზე“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ სწორედ ოპოზიციას და მის მიერ ერთობლივ განცხადებაში გამოყენებულ „ულტიმატუმების ენას“ მიჰყავს მოლაპარაკებების პროცესი ჩაშლისკენ. მან ისიც აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის, განაგრძოს მოლაპარაკებები, თუმცა ულტიმატუმები „მიუღებელია“.

24 მარტს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რვა ოპოზიციური პარტია, რომლებიც მმართველ პარტიასთან საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებს ერთიანი პოზიციიდან აწარმოებენ, არ აპირებს ამ პროცესიდან გამოსვლას.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ისინი მაშინვე დაუბრუნდებიან მოლაპარაკებების მაგიდას, როგორც კი მმართველი პარტია მოქნილ წინადადებებს წამოაყენებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ორმხრივი კომპრომისების გზით შეთანხმების მიღწევა. ოპოზიციამ უარყო მმართველი პარტიის საარჩევნო წინადადებები, მათ შორის ის, რომელიც ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებდა.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი წინადადებების შემოთავაზებით მმართველ პარტიას უთანხმოებების პროვოცირება სურდა ოპოზიციურ რვიანში იმ იმედით, რომ რამდენიმე პარტია მაშინვე დატოვებდა მოლაპარაკებებს.

„ჩვენ მოვლენათა განვითარება ასეთი სცენარით გააზრებული გვქონდა, – განაცხადა უსუფაშვილმა, – ჩვენმა ხუთთვიანმა მუშაობამ ძალზე სერიოზული შედეგი გამოიღო; ხელისუფლება არის კუთხეში, დღეს ჩვენ ვერანაირ არგუმენტს ვერ გვეუბნებიან, გარდა იმისა, რომ, თურმე, ისტერიკა მოვაწყეთ... ის, რომ რვიანი ერთიანია, არის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი“.

მან, ასევე, განაცხადა, რომ ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებით ოპოზიციურმა რვიანმა „მნიშვნელოვანი გზავნილი“ მისცა ქართველ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ან უნდა მოხდეს შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე, ან არ იქნება დემოკრატიული არჩევნები.

იმავე სატელევიზიო ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა გააკრიტიკა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც რევოლუციაზე საუბრობენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ გამოდიან იმ მოტივით, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარება მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ასეთი ვარდისფერი ზღაპრები ჩვენ საქართველოში უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, – განაცხადა უსუფაშვილმა, – საქართველოში ხელისუფლების დამამხობელი ჩაატარებს ისეთსავე არჩევნებს, როგორიც ჩაატარა მიხეილ სააკაშვილმა“.