საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სომხური მხარის მიერ ბათუმის პორტის შესაძლო შესყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ბათუმის პორტი 49 წლიანი იჯარით მართვის უფლებით გადაცემული აქვს შპს ბათუმის ნავთობტერმინალს“, – განაცხადეს სამინისტროში.
სომხური მედიის ცნობით, “სომხური მხარე ბათუმის საზღვაო პორტის შესყიდვით არის დაინტერესებული, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 600 მლნ აშშ დოლარად გაიტანა გასაყიდად”.
"სხვადასხვა წრეები სომხეთში ცდილობენ, მოახდინონ სახსრების შეგროვების ორგანიზება პორტის შესაძენად, რითაც ქვეყანაში ტვირთების თავისუფალი ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენი წყაროების ცნობით, განიხილება სააქციო საზოგადოების შექმნის იდეა, რომელშიც დიასპორების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. საქმის წარმატებისთვის აუცილებელია, ვინმემ სასტარტო თანხის ინვესტირება მოახდინოს, თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი არ ჩანს” - წერს გაზეთი “ჟამანაკი”.
სომხეთზე, რომელსაც ზღვაზე თავისი გასასვლელი არ გააჩნია, ვრცელდება “ღია ზღვის შესახებ” გაერო-ს 1958 წლის კონვენცია, რომელშიც პირველად განმტკიცდა შემდეგი დებულება: შიდაკონტინენტურ სახელმწიფოებს ზღვასთან თავისუფალი წვდომა უნდა ჰქონდეთ და ამ მხრივ სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებით ზღვაზე წვდომის მქონე ქვეყნებთან.
კონვენციის პრეამბულის თანახმად, ეს უკანასკნელები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ თავისუფალი ტრანზიტი თავისი ტერიტორიის გავლით ქვეყნისათვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია.