საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ შემაშფოთებელია ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსია რუსეთის საზღვრებისკენ. დიმიტრი პესკოვმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებას, ნატო-ს მიერ ფართომასშტაბური კონფლიქტისთვის შესაძლო მზადების შესახებ, ერთადერთი სწორი მოსაზრება უწოდა. მისი თქმით, ეს პროფესიონალის დასაბუთებული მოსაზრებაა.
„მოცემულ შემთხვევაში, საუბარია პროფესიონალის მოსაზრებაზე, რომელიც ეყრდნობა ანალიზს, რომელსაც ჩვენი სამხედროებო ნატო-ს მიერ ჩატარებული მანევრების პროცესში ატარებენ. მოცემულ შემთხვევაში, პროფესიონალების მოსაზრება შეიძლება იყოს ერთადერთი სწორი მოსაზრება“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამხედრო თვალსაზრისით მიმდინარე მოვლენებს ვერ შეაფასებს.
„ის, რომ ჩვენი საზღვრებისკენ ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ექსპანსიის გაგრძელება შეშფოთებას იწვევს, საიდუმლო არ არის, ეს კარგად ცნობილია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა უცხოელი სამხედრო ატაშეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, ასევე შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნები მიუთითებს ალიანსის მზადებაზე ფართომასშტაბური კონფლიქტისთვის.
1tv.ge