საზოგადოება
ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესიის ჩატარების დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. ხუთშაბათს ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს და ხელისუფლებას „მზაკვრული საქმეების“ კეთების შესაძლებლობას არ მისცემს, განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შესახებ კანოპროექტის ჩავარდნამ, რომელიც 2020 წელს საპარლამეტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც დღემდე არ ცხრება და უკვე რეგიონები მოიცვა.

გიგი უგულავას თქმით, შაბათ-კვირას მიტინგები ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება.

ჩვენ შევთანხმდით ფორმულირებაზე, რომ რაც უფრო ხისტი და გაუგონარი იქნება ხელისუფლების პოზიცია, მით უფრო მეტი იქნება ოპოზიციის ინტეგრაცია. ამავე დროს, ამ კვირაში ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ ხელისუფლებას მზაკვრული საქმეების კეთების შესაძლებლობა. პიკეტი იქნება დილიდან... შაბათ-კვირას კი ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდი წელს პარასკევს, 20 დეკემბერს გაიმართება.

ჩვენ ველოდებით, რომ უმრავლესობა მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებით, ჩვენი წინადადებები კი მისთვის ცნობილია. ფაქტია, რომ მათ მისცეს პირობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი რაღაც წინადადებებით მოვლენ ან გაახმოვანებენ შეხვედრამდე. შეხვედრამდე დარჩენილია სამი დღე და, შესაბამისად, თუ რამე წინადადება ექნებათ და გააჟღერებენ, ყველა ერთად გავიგებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნები უცვლელია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციონერებმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით შეხვედრებზე არბიტრის როლში უცხოელი დიპლომატები გამოვიდნენ.

ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას ე.წ. „გერმანული მოდელი" შესთავაზა, რომლის თანახმად, შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა ისინი უნდა გაიმართოს არა ერთმანდატიან, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. ამასთან პარტია პარლამენტში იმდენ ადგილს მიიღებს, რამდენიც მას პროპორციული არჩევნებით ერგება. თუმცა ხელისუფლებამ ამ წინადადებას არაკონსტიტუციური უწოდა.

ამჟამინდელი კონსტიტუციით, 77 სადეპუტატო მანდატი ნაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 73 – კონკრეტულ კანდიდატებს შორის, რომლებმაც თავის ერთმანდატიან ოლქში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა მიიღეს.