სამართალი
ოპოზიციამ თბილისის საკრებულოში კარვის გაშლა ცადა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიციამ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კარვის გაშლას ცდილობდა, შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

ოპოზიციამ კარვის გაშლა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში გადაწყვიტა. ოპოზიცია კუხიანიძისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის, რომელიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა, ბოდიშის მოხდას და დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვს.

ბრძოლა გაგრძელდება, როდესაც იქნება, ამ კარს ხომ მაინც გააღებენ. როცა ის გაიღება, მაშინ თავიდან შევალ და გავაპროტესტებ. თუ საჭირო იქნება კარვის გაშლა, გავშლი", – განაცხადა ხაბეიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

თბილისის საკრებულოს შენობასთან ხაბეიშვილთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი და ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვალეს" წევრები იმყოფებოდნენ. მიუხედავად დაშვებული საშვების სიმრავლისა, შენობაში ცოტა ადამიანი შეუშვეს.

ოპოზიცია და „შეცვალეს" წევრები კუხიანიძის კაბინეტში შეიკრიბნენ და მის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მათ გამოყვანას ცდილობდა.

ოპოზიციის აგრესია გამოიწვია კუხიანიძის Facebook-პოსტმა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა დაწერა, ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა იცოდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მას დააპატიმრებდნენ და მიუხედავად ამისა მაინც გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი. ყოველივე ეს, კუხიანიძის სიტყვებით, სერიოზულ პროვოკაციას ჰგავს. „ან მთელი ოჯახი სულელები არიან, ან პროვოკატორები", – დაწერა დეპუტატმა.