სამართალი
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახი კალაძე გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. კალაძემ აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთ სოციალურ ქსელზე განცხადება გაავრცელა, სადაც ფეხბურთელი წერს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას მეტი უნდა მოსთხოვონ. „ვფიქრობ, დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალობა. დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ქვეყანამ უკანასკნელ წლებში აშკარა რეგრესი განიცადა“, – წერს კალაძე. ფეხბურთელი იმასაც აცხადებს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს საუბარი კოდირებულად, ფარულად არ უნდა უხდებოდეთ. „არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, თავის თავში უნდა გაანადგუროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებდა, რომ ქვეყანაში კანონი იკანონებდა და არ იქნებოდა მისი ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება. თუმცა გუშინ რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა. ჩვენი ქვეყნის ასობით ათასი მოქალაქის მსგავსად, მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, შესასწავლია თითოეული დეტალი. აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა“, – წერს საფეხბურთო კლუბ „ჯენოას“ ფეხბურთელი.