პოლიტიკა
რაც მეტ შედეგს ვაღწევთ, მეგობრები და პარტნიორები მეტს ითხოვენ - გიორგი გახარია

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“ დაკავშირებით.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობისა და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გვაღელვებს ერთი რამ, ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს, არ გვქონია არასოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს არ ქონია არასოდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში.

რაც მეტ შედეგს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ, მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალურია, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე. ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამას გავაგრძელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.