აქტუალური
გაკვირვებული ვარ იმ შეფასებითა და ინფორმაციით, რაც ჩვენს მეგობარ კონგრესმენებს აქვთ - გია ვოლსკი

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებითა და ინფორმაციით, რაც ჩვენს მეგობარ კონგრესმენებს აქვთ, თუნდაც 20 ივნისთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების წერილს. ვოლსკი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს პარტნიორებს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ აშშ-მიერ სასამართლო რეფორმა ობიექტურად და საკმაოდ პოზიტიურად შეფასდა. ამაზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. ამავდროულად, საკმაოდ გაკვირვებული ვარ იმ შეფასებითა და ინფორმაციით, რაც ჩვენ მეგობარ კონგრესმენებს აქვთ, თუნდაც ამ 20 ივნისთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საჭიროა დეტალური პასუხის გაცემა არამხოლოდ წერილობით, არამედ ფაქტობრივი მასალის მიწოდება, რასაც ალბათ ჩვენი კოლეგები შეძლებენ ვაშინგტონში ყოფნისას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი 13 დეკემბრით არის დათარიღებული, სადაც საუბარია, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ".

ამასთან, როგორც კონგრესმენების წერილშია აღნიშნული, სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“.

ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა - და ჰოსპიტალიზებულიც იქნა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“, - ნათქვამია წერილში.