საზოგადოება
სალობიეშიც ვივლი, თავშეყრის ადგილებშიც ვივლი და ჩემს ხალხთან ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მის მიმართ ბოლო დროს გავრცელებულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ მოსახლეობისგან უნდობლობა მას არ უნახავს.

მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. ქუჩაში დავდივარ, რეგიონებში გავდივარ და ვხვდები ხალხს უამრავი, ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომია ეს, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს და არა რაღაც კრიტიკები ან ხუთკაციანი გამოსვლები“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ურთიერთობა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქართული დიასპორისთვის თბილისში არსებობდეს ადგილი, სადაც ისინი საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

მისივე თქმით, მზადაა, პრეზიდენტის სასახლეში ამ მიზნით კაბინეტი გამოიყოს.

საჭიროა არსებობდეს დიასპორისთვის დედაქალაქში ადგილი, სადაც ისინი შეძლებენ, მიიღონ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საშუალებები არსებობს ქვეყანაში, თუ დააპირებენ დაბრუნებას, დასაქმებას და ა.შ. ამ ყველაფრისთვის მე მზად ვარ, რომ პრეზიდენტის სასახლეში იყოს გამოყოფილი ასეთი კაბინეტი. ვთავაზობ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ იქ დანიშნოს ადამიანი, რომელიც იქნება პირველი რგოლი, სადაც მოვლენ. პრეზიდენტის სასახლე ადვილი მოსაძებნია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლე დღეიდან დამთვალიერებლებისთვის ღია იქნება.

უპირველესად ღია იქნება დიასპორისთვის, რომ მოვიდნენ და იქ მოიპოვონ პირველადი ინფორმაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში“, სადაც დიასპორის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობდა.