საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენცია, რომელზეც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კონფერენცია სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა. სასტუმროს შენობის წინ მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა სიტყვებით, ერთი წელი გახდა, რაც ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და მთელი ამ დროის მანძილზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნისთვის ზიანის მომტანია. მოძრაობის აქტივისტებმა პრეზიდენტს სიმბოლურად კონსტიტუცია მიუტანეს და შეახსენეს მისი უფლებები და მოვალეობები.
კონფერენციის მთავარი თემა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დიასპორის აქტიური მონაწილეობა იყო. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.
„დიასპორის საკითხი ჩვენთვის ძალზე სერიოზულია, და არა მარტო საქართველოსთვის. დღეისათვის, ალბათ, ცოტა ქვეყანაა, რომელსაც საზღვარგარეთ დიდი დიასპორა არ ჰყავს. ძალზე დიდი ხანი საქართველო ითვლებოდა ქვეყნად, რომელსაც არ ჰყავდა ემიგრანტები, ქვეყნად, საიდანაც არავინ მიდიოდა, არავინ ტოვებდა და უცებ, მოკლე დროში, ახალ პერიოდში ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელსაც უცხოეთში დიდი დიასპორა ჰყავს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი სიტყვებით, საქართველო არ იყო მზად ამ პრობლემის გადასაჭრელად და ქვეყნის აღორძინებისთვის დიასპორის გამოსაყენებლად. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა დიასპორას ხელი გავუწოდოთ, კავშირი გვქონდეს მასთან, შევუქმნათ პირობები, რათა იგი მარადიულ დიასპორად არ გადაიქცეს.
„ჩვენი დიასპორა არ წარმოადგენს მარადიულ დიასპორას", – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყოველთვის ილტვიან საქართველოში დაბრუნებისკენ.
მისი სიტყვებით, როდესაც იგი საფრანგეთში იზრდებოდა, მას საქართველოში დაბრუნების ოცნება ჰქონდა. ვიღაცამ შეძლო დაბრუნება, ვიღაცამ – ვერ მოახერხა. ზურაბიშვილმა გაიხსენა, რომ ლევილში ერთ-ერთ საფლავზე წერია „ძვლებიც კი ფიქრობენ საქართველოზე". თუმცა, დღეს, ზურაბიშვილის აზრით, ვითარება შეცვლილია, რამდენადაც დღევანდელი ემიგრაცია არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც ეკონომიკური მიზეზების შედეგია.
„შეიძლება ცხოვრობდე იქ, მაგრამ აქ საქმიანობდე. ჩვენ კომუნიკაციისთვის ბევრი შესაძლებლობა გვაქვს... მე, მაგალითად, ადმინისტრაციაში სტაჟირებაზე უცხოელები ჩამოვიყვანე და ისინი ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ნაწილია", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ევროპის საბჭოს დიასპორის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაოლო პისკომ.