აქტუალური
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ყოველთვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217 ლარს შეადგენს.

სტატისტიკური მონაცემებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, ხოლო შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა – 2 008 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – 19.4 პროცენტი).

2019 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924 ლარით, ხოლო მამაკაცების – 1 475 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით, მამაკაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.