უცხოეთი
თურქეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ლიბიას სამხედრო დახმარება გაუწიოს

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთმა, შესაძლოა, ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო დახმარება გაუწიოს, თუ ამას ტრიპოლი მოითხოვს. ამას ანკარასა და ტრიპოლს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებს.

გასულ თვეში ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა უსაფრთხოების და სამხედრო ხელშეკრულებას და ამასთან კიდევ ერთ მომორანდუმს საზღვაო საზღვრების შესახებ, რამაც თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები დაძაბა. ოფიციალური ათენის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

„ჩვენ დავიცავთ ლიბიისა და თურქეთის ინტერესებს ხმელთაშუაზღვისპირეთში“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

თურქეთსა და ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას შორის ნოემბერის ბოლოს, „უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი" და ორივე ქვეყნისთვის საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებების დაცვისათვის „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი" გაფორმდა. საპასუხოდ, საბერძნეთმა ქვეყნიდან ლიბიის ელჩი გააძევა.

interpressnews.ge