საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან დღეს, 25 მარტს, 16.00 საათზე, გაიმართება.
საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პატიმრების ცემის, წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტებს გააპროტესტებენ. ასევე, მოითხოვენ, გამოცხადდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელიც მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს შეეხებათ.
P.S. როგორც „წინააღმდეგობის მოძრაობის“ მედიაომბუდსმენმა, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა საქინფორმს აცნობა, აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. მისი ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან დაკავებულია ათამდე ადამიანი.
დაკავებულთა შორის არიან მსახიობი გია ბურჯანაძე, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენები მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე, ასევე, მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოების“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და სხვები. როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ადვოკატები დაკავებულთა დასახმარებლად უკვე მუშაობენ.
ირმა ინაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გასამართი 25 მარტის აქციის შესახებ საზოგადოება დიდი ხანია ინფორმირებული იყო, მორიგი აქცია კი 4 აპრილს, კინოს სახლთან გაიმართება.
„ეს არის აქცია „მეც პატიმარი ვარ“. ბოლო 10 დღის განმავლობაში 7 პატიმარია წამებით მოკლული. ჩვენ ვაპროტესტებთ პატიმართა წამების ამ კამპანიას, რომელიც დაიწყო ხელისუფლებამ. ამავე დროს, ჩვენ ვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გამოაცხადოს ფართო ამნისტია და ვთავაზობთ საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც მომზადებულია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ომბუდსმენთა მიერ“, – ამბობს ირმა ინაშვილი.