საზოგადოება
ჩვენ ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომათა დარბაზში მომხდარ ფაქტს, საკანონმდებლო ორგანოზე და პარლამენტის წევრებზე სავარაუდო ქიმიურ შეტევას უწოდებს.

თქვენ თვალყურს ადევნებდით პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პარლამენტს უნდა განეხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე უნდა ემსჯელა. რაც მოხდა პლენარულ სხდომათა დარბაზში, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ, სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, სავარაუდოდ, მოწამლულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, არის მოწამლული, მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება, გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებშიც და ნაწილს ახლაც ეწევა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება, მიეცეს ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურების საქმეა. უკვე დაწყებულია ღონისძიებები და დადგინდება, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ვისი მხრიდან მოხდა ამის გამოყენება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძე მოძრაობა „სირცხვილიას“ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მისთვის უცნაური იყო.

სამწუხაროდ, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის ორგანიზაცია „სირცხვილია“, ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადება და მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე. ეს განცხადებაც ჩემთვის საკმაოდ უცნაური იყო და, ვფიქრობ, ამასაც უნდა მიეცეს სათანადო შეფასებები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, სათანადო რეაქცია იქნება.

ჩვენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ, შესაბამისად კენჭისყრით მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც დაუჭერენ მხარს და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ დეპუტატები. პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს და დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, იქნება სათანადო რეაქციები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად იყოთ და მშვიდად განაგრძოთ თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა. მე პირადად არ დამინახავს, მაგრამ ფაქტია, რომ ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული სხდომათა დარბაზში. არსებობს კამერების ჩანაწერები, რომლებიც იქნება შესწავლილი და ამას მოჰყვება სათანადო შეფასებები, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს. მე ბოლომდე დავრჩი დარბაზში, სანამ ყველა დეპუტატმა არ დატოვა სხდომათა დარბაზი და, როგორც ნახეთ, გამოვაცხადე შესვენება. შესვენების დასრულების შემდეგ სხდომა განახლდება და ჩვენ განვიხილავთ ყველა საკითხს, რომელიც გვქონდა დაგეგმილი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.