საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობამ სუბელიანიც გადაარჩინა

parliamentოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტში უშედეგოდ დაისვა.

პასუხისმგებლობის საკითხის მიზანშეწონილობის შესახებ კენჭისყრა ჩავარდა – მომხრე მხოლოდ 11 დეპუტატი აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი 81 წავიდა.

მინისტრ სუბელიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი გუშინ საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და „ქართულმა დასმა“ დასვეს, რომელთა შეფასებით, „დევნილთა მდგომარეობის მხრივ არსებული ვითარების გათვალისწინებით, სუბელიანი აღნიშნულ პოსტზე არ უნდა იმყოფებოდეს“. გარდა ამისა, მინისტრის უმწვავესი კრიტიკით პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე თითქმის ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი გამოვიდა.

მათ გამოსვლებს უმრავლესობის განსაკუთრებული გაღიაზიანება მოჰყვა. ოპოზიციის მისამართით უმრავლესობის საპასუხო განცხადებები, ძირითადად, ისეთი ტერმინოლოგიით შემოიფარგლებოდა, როგორიცაა: „უსინდისობა“, „უნამუსობა“, „ცრუპენტელობა“, „პოლიტიკური დემაგოგია და სპეკულაცია“.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ გუშინვე პარლამენტის სხდომათა დარბაზში პასუხისმგებლობის საკითხის დასმას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელიც გადაურჩა.

რაც შეეხება „მინისტრების კვირეულს“, კანონმდებლები ამჯერად განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძეს მოუსმენენ, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართება.