პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუდენკომ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილის, კარასინის სიტყვები

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება. მან მედიასთან კომენტარი ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულებისას გააკეთა.

ანდრეი რუდენკომ ცენტრის გახსნის შესახებ თბილისში გაკეთებულ შეფასებებს აჟიოტაჟი უწოდა:

თბილისში დეკემბერში არაფერი ახალი არ იხსნება. როგორც ვიცი ენის ცენტრი კარგახანია არსებობს. ეს აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა“,- განაცხადა რუდენკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ მედიას შეუძლია ეს საკითხი გრიგორი კარასინთან დააზუსტოს, თუმცა მისი ინფორმაციით, თბილისში არაფრის გახსნა არ იგეგმება.

ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია რუსული კულტურისა და ენის ცენტრს და არც ერთი სტრუქტურა ამ საკითხში არ არის ჩართული“, - ეს განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მედიასთან 9 დეკემბერს გააკეთა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან 29 ნოემბერს განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.