უცხოეთი
რუსეთი გერმანიის საელჩოს ორ თანამშრომელს პერსონა ნონ-გრატად აცხადებს

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი გერმანიის საელჩოს ორ თანამშრომელს პერსონა ნონ-გრატად აცხადებს. დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებმა ქვეყანა შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

მოსკოვის ეს ნაბიჯი, საპასუხო ზომაა გერმანიის მიერ 4 დეკემბერს ორი რუსი დიპლომატის გაძევებაზე, რომელიც ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას უკავშირდება.

გამოძიება საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. გერმანიის პროკურატურა ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დგას.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარიზში ნორმანდიული სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრაზეც განიხილეს. მოგვიანებით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ვლადიმირ პუტინმა კი, ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელად და მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია.

1tv.ge