საზოგადოება
ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი გია გაჩეჩილაძე ხდება

maestrooგია გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია „მაესტროს“ აქციათა 50 პროცენტი გადაეცა. ის რადიოების –„უცნობისა“ და „ნაცნობის“ – დამფუძნებელი და ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის – ლევან გაჩეჩილაძის ძმაა.

თანამფლობელობის შესახებ საუბარია ტელეკომპანია „მაესტროსა“ და რადიო „ნაცნობს“ შორის დადებულ შეთანხმებაში, რომელზეც ინფორმაცია 23 მარტს www.journalist.ge-მ გაავრცელა. ამავე ცნობით, რადიო „ნაცნობი“ ტრანსფორმირდება რადიო „მაესტროდ“, რომელიც უახლოეს მომავალში სატელიტურ სიხშირეზე დაიწყებს მაუწყებლობას. გარიგების სხვა დეტალები უცნობია.

„ვთვლით, რომ თავისუფალი მედიის გაერთიანება და გაძლიერება სასარგებლო იქნება როგორც საზოგადოებისათვის, ისე მთელი პოლიტიკური სპექტრისათვის“, – განაცხადა სტუდია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამას „დადებითი რეზონანსი მოჰყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობაში“.

არსებული ინფორმაციით, „მაესტრო“ მამუკა ღლონტსა და კიდევ ცხრა დამფუძნებელს ეკუთვნოდა და თითოეულის წილი 10%-ს შეადგენდა. www.media.ge კიკაბიძის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ათივე მეწილემ პროპორციულად დათმო წილი გია გაჩეჩილაძის სასარგებლოდ.

გია გაჩეჩილაძემ – მომღერალმა „უცნობმა“, 2009 წლის გაზაფხულის ქუჩის საპროტესტო აქციებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაცემა „საკანი №5“-ის მეშვეობით, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში თვეების განმავლობაში გადიოდა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ამჟამად მართავს „რუსთავის მედიამართვის კომპანია“, რომლის დამფუძნებელია ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც „მაესტრო“ მისმა მფლობელებმა სამწლიანი მართვის უფლებით 2009 წლის ნოემბერში გადასცეს.

ტელეკომპანიამ დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილი ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით ცდილობდა, „მაესტრო“ მისი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი გაეხადა. თუმცა აღნიშნული დავა მალევე მოგვარდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კახა ბექაური გადადგა და დამფუძნებლებმა მმართველ კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაიფიქრეს.