საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ქვეყანაში გზების მშენებლობასა და რემონტზე, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გაისად 1,3 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა გზისა და გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, აღმოსავლეთ–დასავლეთის ტრასის მშენებლობის გაგრძელება და თუშეთში შემოვლითი გზის მშენებლობა.
ამგვარად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ახალი გზისა და გვირაბის აშენება იგეგმება. ბიუჯეტში ამისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან ნახევარზე მეტს საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.
ასევე, 2020 წელს გაგრძელდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტობანის ქართული მონაკვეთის მშენებლობა. გაისად ზემო ოსიაური–რიკოთის მოაკვეთის მშენებლობაზე 70 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის თანხის ძირითად ნაწილს მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფენ.
ყველაზე დიდი თანხის – 340 მლნ ლარის დახარჯვას 2020 წელს ხელისუფლება რიკოთის უღელტეხილის კიდევ ერთი – ჩუმათელეთი–არგვეთის მონაკვეთის მშენებლობაზე აპირებს.
საქართველოში ყველაზე საშიშ გზად მიჩნეული მაღალმთიანი თუშეთის გზის მშენებლობასა და რემონტზე საქართველოს ხელისუფლება 20 მლნ ლარს დახარჯავს.
ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, სოციალურ სფეროსა და განათლებასთან ერთად, საქართველოს ძირითადი პრიორიტეტია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.