პუბლიკაციები
მანევრი ტურებით, ანუ შემინული საქართველო და შეფიც(რ)ული ინტელიგენცია

burjanadze_grechქართულ პოლიტიკურ სპექტრს ფარული წინასაარჩევნო ციებ-ცხელება შეეყარა. მეროჭიკე ბერებივით დადიან სოფელ-სოფელ და ხალხს ჩასჩიჩინებენ, ხომ ნახეთ, რა მოხდა ტუნისსა და ეგვიპტეში, რა ხდება ლიბიაში, იგივე მოელის სააკაშვილის ხელისუფლებას, ოღონდ თქვენ იაქტიურეთო... სინამდვილეში მთელი ეს კამარილია ერთადერთ საქმეს ემსახურება - ერთმანეთის ელექტორატზე ნადირობენ.  არც ხელი­სუფლება ზის გულხელდაკრეფილი - არიგებენ ელექტროენერგიისა და სურსათის ვაუჩერებს, აშენებენ შუშის სახლებს პოლიციისთვის, გამგეობებისთვის, ოფისებისთვის... არად აგდებენ მარტივ ჭეშმარიტებას - როცა შუშის სახლში ცხოვრობ, ქვების სროლა არ უნდა დაიწყო... არც სჭირდებათ: ჩხუბსა და ქვების სროლას არავინ აპირებს, მათ შორის, - არც ოპოზიცია.  თუმცა “ქართული პარტიისა” (შემდგომ “ერას­ტიკოსების”) და “სახალხო წარმომადგენლობითი კრების” (შემდგომ “ბურჯუების”) ქვეყნის მასშტაბით გააქტიურება ნამდვილად იძლევა დაფიქრების საფუძველს. ერთიცა და მეორეც “შემჩნეულია” ხელისუფლებასთან კურკურში და ამაოდ ცდილობენ საკუთარი ბიოგრაფიიდან “ნათელი ფურცლების” ამოხევას.

 ხშირად ისმის კითხვა: ვის აქვს ხალხთან მისვლისა და ლაპარაკის უფლება? მე ვერავის დავუდგები მსაჯულად, მაგრამ ფაქტია, რომ “ერასტიკოსებიცა” და “ბურჯუებიც” მხოლოდ ხალხის გასაბრიყვებლად სჭირდებათ. ამ ორკესტრს კი ერთი კაცი დირიჟორობს, რომლის ხელის აქნევისა უფრო ეშინიათ ამ ვითომ რადიკალებს, ვიდრე განრისხებული ქართველებისა: ხალხი მიმტევებელია, აპატიებს, ეს ქართველებს სისხლში გვაქვს. აი, ბატონი ვანო კი არაფერს გაპატიებს. ეს კარგად იციან წამებულის მანტიებში გახვეულმა ფარისევლებმა.  
მაგრამ მიმტევებლობასაც აქვს სამანი: “ერასტიკოსებმა” და “ბურჯუებმა” დაკარგეს მთავარი - პასუხისმგებლობის გრძნობა. ეს კი დიდი პრობლემაა არამხოლოდ საკუთრივ მათთვის, არამედ, უპირველესად, საზოგადოებისთვის.
ამ გრძნობის არარსებობაზე ნინო ბურჯანაძე ხშირად საუბრობდა, როცა ქვეყნის მართვის სათავეებთან იდგა. ოღონდ მაშინ ოპოზიციის უპასუხისმგებლობაზე აკეთებდა აქცენტს. “თუ გავაყალბეთ, მზად ვარ, პასუხი ვაგოთ. მაგრამ არ ვაპირებთ არც მე არც ჩემი მეგობრები არჩევნების გაყალბებას...” - განაცხადა მან 2007 წლის დეკემბერში უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებ­ლებთან შეხვედრისას. ის არჩევნები როგორ ჩატარდა და რა შედეგები დადგა, ყველამ კარგად იცის. ქალბატონ ბურჯანაძეს მაშინ პასუხისმგებლობა არ უგრძვნია, რასაც ადასტურებს პრეზიდენტ სააკაშვი­ლის ინაუგურაციაზე ნათქვამი: “ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც რთულ ვითარებაშიც კი ხალხს აქვს გონიერება, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას სწორი მომავლისთვის. საქართველოს აქვს სურვილი და მოთხოვნილება, რომ დემოკრატიულად განვითარდეს. ხელისუფლება კი სწორედ ამ მიმართულებით მიდის”.
რამდენად დემოკრატიულად განვითარდა საქართველო ამ განცხადების შემდეგ და საით წავიდა ხელისუფლება, უჩემოდაც იცით!
ამიტომ არ მჯერა, რომ ბურჯანაძეს აქვს პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - პასუხისმგებლობის გრძნობა. ახლა კი მიიღო ახალი დავალება და მერაბიშვილის უწყებას იმ ადამიანების სია “გაუმზადა”, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს დღევანდელ რეჟიმს.
შეფიცულებში, ეჭვიც არ მეპარება, გულანთებული ადამიანებიც არიან, მაგრამ მათ წარმოდგენაც არ აქვთ, რა პოლიტიკური თამაშებისთვის იყენებენ “ბურჯუები”. სინამდვილეში ეს ადამიანები მერაბიშ­ვილის უწყების გაძლიერებული კონტროლის ქვეშ მოექცნენ.
“კრება” კი ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე დაგვემშვიდობა. ეს არის ჩვეულებრივი მანევრი ტურებით. წინ ვერ წავიდნენ, უკან დახევა საშიშია, “ერასტიკოსები” მაშინვე მოიკავებენ ამ “წმინდა ად­გილსაც”, არადა, რა ქნან? ამიტომაც ხან მარჯვნივ გაიწევიან, ხანაც - მარცხნივ, ვითომ ტაქტიკურ მანევრს ახორციელებენ...
ჩვენს მოტყუებას ცდილობენ, თორემ თვითონ კარგად იციან, მართლაც რომ “გაისროლოს ავრორამ”, “ბურჯუებს” ისე გასწევენ გვერდზე, როგორც თვითონ მოისროლეს ხალხის ინტერესები და თანაც არაერთხელ. არჩევნებში მათი გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე თავდაჯერებით აცხადებს, “დღეს “სახალხო კრების” რიგებში ასი ათა­სობით ადამიანია, ეს მერე მილიონებად იქცევა”-ო (მამამისს მაინც ჰკითხოს, რამდენი ადამიანი იყო მმართველი კომპარტიის რიგებში მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონს აჭარბებდა - 300 ათასზე ცოტა მეტი! მათი უმრავლესობა კი მხოლოდ პრივილეგიებს ეხარბებოდა).
ვითომ უპირისპირდებიან ხელისუფლებას, სინამდვილეში კი წინასაარჩევნო რეჟიმში არიან - რაიონში პარტიულ ორგანიზაციებს აფუძნებენ და “წინააღმდეგობის კომიტეტებს” არქმევენ. შემინული საქართველოს შეფიც(რ)ული ინტელიგენციაც კი ჩართეს მისთვის საბედისწერო ბრძოლაში. ჩაქუჩი და ლურსმანი მზადაა, ერთი დაჭედებაღა აკლია. მათი ნაწილი სააკაშვილმა ჩა­რეცხა (“ჩასარეცხია და ჩაირეცხება კიდეც!”). მაშინ ბურჯანაძეს არ გაუპროტესტებია ეს განცხადება. ალბათ, ეთანხმებოდა. ახლა კი მენტალური რევოლუციის მეორე ტალღას, რაც დარჩა, იმის ჩარეცხვა სჭირდება და ვინ შეასრულებდა ამ დავალებას ისე პირნათლად, როგორც ამას ბურჯანაძე იზამს და იკადრებს?
არ შეასრულებს და... აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი მერაბიშვილისა!
ერთხელ უკვე უწია ამ აჩრდილმა ბურჯანაძეებს და კარგად იციან, ურჩობა რა ფასად დაუჯდებათ. მართალია, მას შემდეგ, რაც გაკულაკების სიმწარე იწვნია, კორუფციით გაჟღენთილი და ავტორიტარიზმის ჭაობში ჩაფლული ხელისუფლებისა და მასთან შეთამაშებული ოპოზიციის მხილებას არ ერიდება და გასახსენებელიც ბევრი აქვს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს თამაში “საჭირო ქალის” რო­ლისთვის ზედგამოჭრილია.
მუქარასაც - “ვურჩევ საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში მყოფ პირებს, ფრთხილად ილაპარაკონ ბურჯანაძეზე... კარგი დღე არ დაადგება ქართულ პოლიტიკურ თანავარსკვლავედს, თუ ბევრს ილაპარაკებენ ნინო ბურჯანაძეზე,” - პირნათლად ასრულებს, ოღონდ მხოლოდ ოპოზიციის მიმართ. ასე მოხდა ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებითაც. 
ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ზუსტად სამი თვის წინ. 2010 წლის 20 დეკემბერს “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან, რომელშიც იგი ჟურნალისტის შეკითხ­ვას - “ითქვა, რომ ინფორმაცია თითქოს ლევან გაჩეჩილაძის ხელით ჩამოწერილ უკვე ყველასთვის ცნობილ მოთხოვნებზე ჟურნალისტს თქვენმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ მიაწოდა”, - ასე პასუხობს: “რა უნდა ვუპასუხო ასეთ ბინძურ სისულელეს? ასეთ აბსურდებზე დამამტკიცებელი საბუთი მოვთხოვო ვინმეს თუ როგორ უნდა გავაკეთო კომენტარი?”
იმავე დღეს გაზეთ “ასავალ-დასავალიდან” ვიგებთ, რომ “ასავალ-დასავალის” ინფორმატორი კულისებიდან გამოდის!” - გამოქვეყნდა ბადრი ბიწაძის ინტერვიუ, რომელშიც იგი ადასტურებს, რომ ჟურ­ნალისტს “საპრეზიდენტო ვაჭრობის” შესახებ, ანუ “ლევან გაჩეჩილაძის ხელით ჩამოწერილ უკვე ყველასთვის ცნობილ მოთხოვნებზე” ინფორმაცია სწორედ მან მიაწოდა!
არ ყოფილა “ბინძური სისულელე” ის ინფორმაცია! მაშ, რა გამოდის - ბურჯანაძე ცდილობს, არაკეთილსინდისიერი (დამიფასეთ - ბურჯანაძისგან განსხვავებით, არ ვამბობ, რომ “ბინძური”!) გზით მოატყუოს მკითხველი!
თუმცა ლევან გაჩეჩილაძემაც ვერ დაამტკიცა თავისი სიმართლე. თითქოს ჩაცხრა ეს სკანდალი, მაგრამ ისევ საკუთარი ენა მტრობს. სულ ახლახან “ერასტიკოსების” საჩხერულ შეხვედრაზე ისეთი რამ თქვა, ცხადია, რომ ამ კაცს მართლა ძალიან უჭირს: “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი 2008 წლის ომის შედეგად გამოწვეული ფორსმაჟორული ვითარების გამო დაუფარავი საბანკო კრედიტე­ბის გაყინვასა და მოქალაქეთა ამ დავალიანებების სახელმწიფოს მიერ დაფარვას ითხოვს!
ეს უკვე კურიოზების სფეროდან არის! ყველამ კარგად იცის, რომ ლევან გაჩეჩილაძეს კრედიტები აქვს აღებული და ვერ ფარავს, ბანკი კი ქონებას ედავება. ახლა რა გამოდის: გაჩეჩილაძემ კრედიტი აიღო, სააკაშვილმა ომი დაიწყო, გაჩეჩილაძემ კრედიტი ვერ დაფარა ფორსმაჟორის გამო და სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტით უნდა დაუფაროს, ანუ ის ფული, რომელსაც ჩვენ ვიხ­დით, გაჩეჩილაძეს უნდა ვაჩუქოთ! ეს რა არის, “პარაშუტის” ახალი ფორმაა? კარგი, საარჩევნო ხარჯებს გიფარავენ, ჯანდაბას, მაგრამ “პარაშუტებიც” ჩვენ უნდა გვაყიდინო?
“აღარა კმარა?!”

ან ლოზუნგები მაინც შეცვალეთ, თქვე კაი ხალხო! ჯერაც გვახსოვს “მოქალაქეთა კავშირის” ლოზუნგი “მილიონი სამუშაო ადგილი”. ახლა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ “სულ რამდენიმე თვეში ორ მილიონამდე ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი”, თან იმ პირობებში, როცა “დავკარგეთ ბევრი რამ - ტერიტორიები, ტრადიციები, ეკონომიკა, სამუშაო ადგილები...”
გეუბნებით: ეს ხალხი ვერ გამოვიდა წარსულიდან. თუმცა როგორ გამოვა, ლევან გაჩეჩილაძე ხომ სწორედ ამ ლოზუნგით გახდა დეპუტატი, “მოქკავშირის” პარტიული სიით 1999 წელს?
ახლა კი ჩემთვის არცთუ სასიამოვნო საქმე მომიწევს - ეროსი კიწმარიშვილს უნდა დავეთანხმო: “დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად გაურკვევლობა აწუხებთ და ხვალინდელი დღის შიში აქვთ”. და რატომ გიკვირთ? ეს გაურკვევლობა ხომ თქვენ დაამკვიდრეთ, ეს შიში ხომ თქვენ გააჩინეთ! დაამკვიდრეთ მიზანმიმართულად!
“ბურჯუებისგან” დიდად არ განსხვავდებიან “ერასტიკოსები”. ამათთვისაც მშობლიურია მანევრი ტურებით.
ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტად მოიგებს “იმ ვანოს” გულს და ვინ უფრო სარფიანად შესთავაზებს საკუთარ თავს.

ხომ ვიცოდით, რომ “ქართული პარტია” ხელისუფლებასთან რადიკალურად იყო დაპირისპირებული, ახლა ნახეთ, რას აცხადებს ამ პარტიის თავმჯდომარე: “ჩვენ არჩევნების მომხრე ვართ. თუ რევოლუცია მოხდება, მის შემდეგ ხომ მაინც არჩევნები უნდა ჩატარდეს, ოღონდ ეს არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს და ხალხის ნების უგულებელყოფა ვერავინ უნდა შეძლოს. თუ არჩევნები კანონიერ ვადებში ჩატარდება და ხელისუფლება უფლებამოსილების ვადას არ გაიხანგრძლივებს, “ქართული პარტია” ასეთ არჩევნებს აუცილებლად მოიგებს, ხოლო, თუ ხელისუფლება არ­ჩევნების გაყალბებას შეეცდება, მაშინ სააკაშვილის რეჟიმი “კეტების რევოლუციას” მიიღებს”.
გესმით? “ქართული პარტია” არჩევნებისთვის ემზადება. რა რევოლუცია, რისი ხალხის ამბოხი?
“კეტების რევოლუციასაც” ტყუილად ელოდებით - ყველაფერი შეთანხმებული და გადაწყვეტილია! 
“ერასტიკოსებიც” და “ბურჯუებიც” ერთ თამაშს თამაშობენ, ხალხი კი ყველას...

 

ბონდო მძინარაშვილი

http://geworld.net/politics/1226.html