საზოგადოება
ბურჯანაძე უარყოფს რომ მოსკოვში ბოდიში მოიხადა

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძე უარყოფს, რომ მოსკოვში ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მე რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში, წუხილი ნამდვილად გამოვთქვი - წუხილი კი არა, მე აღშფოთებული ვარ და ეს განცხადება ადრეც გავაკეთე.

ის რომ, გავრილოვი ჩასვეს სავარძელში, ეს იყო ამ ხელისუფლების უგუნურობა, უპასუხისმგებლობა, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების და საზოგადოების პროტესტი. ამიტომ, ბოდიში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიხადოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

სამწუხაროა, რომ სტუმარს ისეთ მდგომარეობაში აყენებ-ჯერ ორი წელი ეხვეწები ჩამოდიო და მერე სიტუაციას ვერ ალაგებ, ვერ უხსნი საზოგადოებას და ბოდიშსაც ვერ უხსნი. ამას მოჰყვა კარგი ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა პროპორციული სისტემა მოიპოვეს. სამწუხარო კი ის იყო, რომ ადამიანებმა თვალი დაკარგეს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებს მადლობა გადაუხადა, „სწორი პოლიტიკური შეფასებისთვის“.

პოლიტიკოსი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თემასაც შეეხო.

მივიღე დაპირება, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მაქსიმალურად სწრაფად იქნება სახლში, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ მქონდა კომუნიკაცია ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან. ის ამ პროცესს ძალიან გაგებით ეკიდებოდა. მე საჯაროდ სხვა დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ თარიღებთან და საათებთან დაკავშირებით არ ვაკეთებდი, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტროლებმა თუ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებმა არასწორი, არაეთიკური განცხადებები აკეთეს, თითქოს ჩემი სახელით რაღაც საათებს ასახელებდნენ, როდის გათავისუფლდებოდა ვაჟა ექიმი. მე იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს ძალიან მალე დაუბრუნდება“, - განაცხადა ნინო ბურაჯანაძემ.

უხერხულობა ის არის, რომ საქართველოს მთავრობა ამ დღეების განმავლობაში ტროლებს ამუშავებდა და Facebook-აფეთქდა იმიტომ, რომ ვიღაც შეიძლება ელაპარაკოს მეორე მხარეს - როცა ეს არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელიც არის უუნარო“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან, ანზორთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა. 5 დეკემბერს ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა.