პოლიტიკა
ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელის“ საპირწონედ მაჟორიტარმა დეპუტატებმა „ამერიკული მოდელი“ შესთავაზეს

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს. როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატმა დაჩი ბერაიამ განაცხადა, მათი წინადადება არა სრულად მაჟორიტარულ სისტემას, არამედ ამერიკულ საარჩევნო მოდელს გულისხმობს და მას საკონსტიტუციო ცვლილებები დასჭირდება.

რაც შეეხება დღეს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ იქნება, დაჩი ბერაია ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელების შემდეგ საარჩევნო სისტემა კიდევ გადაიხედება.

წარმოდგენილ კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ როცა აღდგება საქართველოს იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამის შემდგომ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა. ეს ორპალატიანი სისტემა იქნება იმ თარიღამდე, სანამ მოხდება ქართული იურისდიქციის გავრცელება ამ ტერიტორიებზე. ეს არის საკონსტიტუციო კანონპროექტი და კონსტიტუციის შეცვლას ვცდილობთ ახლა. ეს კანონპროექტი გვინდა ამოქმედდეს 2020 წლის შემდეგ",- განაცხადა დაჩი ბერაიამ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მათ შორის კატეგორიული წინააღმდეგობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დააფიქსირა.