საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და მას დაუსწრებლად მიუსაჯა 5 წლით და 3 თვით პატიმრობა. გადაწყვეტილება 2 დეკემბერს გამოაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.
ადეიშვილს, აღსრულების ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელ ნიკა მელიასა და კიდევ ათამდე პირს ბრალი 2012 წლის ბოლოს წაუყენეს. ადეიშვილს და მელიას ბრალად დასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება და ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით.
ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც სასამართლომ ყველა მუხლით გაამტყუნა, საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.
„ქართუს“ გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელიც, პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია, მას 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.
2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და მიზნად ისახავდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით „ქართუს“ გაკოტრებას. გამოძიების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.
შსს-ს მაშინდელი განცხადების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებას ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით: „დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ბიზნესმენებს, რომელთაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ „ქართუში“, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა იმ კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები აკონტროლებდნენ”.
შსს-ს განცხადებითვე, ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა და, შესაბამისად, ზარალდებოდა ბანკი „ქართუ“, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები.