სამართალი
აფხაზურმა დე ფაქტო პროკურატურამ ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავა

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზურმა დე ფაქტო პროკურატურამ ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით, აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, გატაცებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ბიზნესმენი არმენ გრიგორიანი 24 ნოემბერს სოხუმის ლეჩკოპის სასაფლაოს ტერიტორიიდან გაიტაცეს. გამტაცებლები 17 მილიონ რუბლს ითხოვდნენ. არმენ გრიგორიანი გათავისუფლებულია. აფხაზმა მილიციელებმა ის 30 ნოემბერს, გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს.

არტურ ანქვაბი 2017 წელს ცეცხლსასროლი იარაღით ადამიანისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა 2018 წელს შეიწყალეს და ნასამართლეობაც მოუხსნეს. 2015 წლამდე არტურ ანქვაბი აფხაზეთის ე.წ. მილიციის სკოლის დირექტორი იყო.