საზოგადოება
პრეზენტაცია კრებულისა „ამერიკის 13 მეგობარი“

megobariდღეს, 2011 წლის 24 მარტს, 13.00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ბეტს-ოტელის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა წიგნის – „ამერიკის 13 მეგობარი“ – პრეზენტაცია, რომელიც უცხოელი ავტორების – ამერიკელი, ესპანელი, მექსიკელი, ბრიტანელი პუბლიცისტებისა და ჟურნალისტების – მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი 13 პუბლიკაციის ქართულ ენაზე ნათარგმნ კრებულს წარმოადგენს. რაფაელ ტრუხილიო, ანასტასიო სომოსა, ანვარ სადათი, პინოჩეტი, ფერდინანდ მარკოსი, ზია-ულ-ჰაკი, ხორხე რაფაელ ვიდელა, ალფრედო სტრესნერი, რუბენ ფულხენსიო ბატისტა-ი-სალდივარი, სადამ ჰუსეინი, ვიქტორ იუშჩენკო, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი – აი კრებულის 13 გმირი, რომლებსაც სათითაო პუბლიკაცია მიეძღვნა.

კრებულის გამომცემელია არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძემ პრეზენტაციის გახსნისა და სტუმრებისთვის მადლობის გადახდის შემდეგ მოკლედ ილაპარაკა აღნიშნული პროექტის მიზნებზე. „ჩვენ მიერ გამოცემული კრებული, ძირითადად, XX საუკუნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 13 მმართველის შესახებ 13 პატარა ისტორია-პუბლიკაციისგან შედგება. ისინი აშშ-ის უპირობო, ამერიკის საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, უფრო მეტიც – ხელისუფლების სათავეში სწორედ ამერიკელთა მხარდაჭერით მოვიდნენ. წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ მართავდნენ ისინი ქვეყანას, რა ამოძრავებდათ, რა მოტივებით ხელმძღვანელობდნენ და რით დასრულდა მათი მოღვაწეობა პოლიტიკური და ფიზიკური თვალსაზრისითაც. ამჟამად მოქმედ მმართველთაგან იქ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. კრებულის ქართულ ენაზე გამოცემის მიზანი იყო, ამ პუბლიკაციებს სწორედ ქართველი მკითხველი, ქართველი საზოგადოება გასცნობოდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რუსულ ენაზეც ვთარგმნით და გამოვცემთ. ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ამიტომ სავაჭრო ქსელში წიგნი 2 ლარი ეღირება, ანუ ერთ დოლარზე ცოტა მეტი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელმისაწვდომი ფასია“, – განაცხადა გაგნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.megobari2

პრეზენტაციას ესწრებოდა საზოგადოების მრავალრიცხოვანი წარმომადგენელი – სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები – ჟურნალისტები და სხვადასხვა გაზეთის, ადგილობრივი და უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მთავარი რედაქტორები, ასევე, უფლებათა დამცველები, ცნობილი ექსპერტები და დიდი სამამულო ომის მონაწილენი. ყველა დამსწრეს მიეცა საშუალება, გამოეთქვა თავისი აზრი, ამიტომ კრებულის პრეზენტაცია თანდათან პატარა კონფერენციაში გადაიზარდა, სადაც სტუმრები იმ საჭირბოროტო პრობლემებს განიხილავდნენ, აგრერიგად რომ აღელვებს ქართველ საზოგადოებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება წიგნს „ამერიკის 13 მეგობარი“, სტუმრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მისი გამოცემის იდეას და აღნიშნეს, რომ ამით არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ ძალიან დიდი, საზოგადოებისთვის ერთობ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. მოვიყვანთ ზოგიერთ მოკლე შენიშვნას.

გულბაათ რცხილაძე, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი: „ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ წიგნი წარმოადგენს სწორედ პუბლიცისტურ და არა სამეცნიერო ნაშრომების კრებულს სპეციალისტებისათვის, რაც ხელმისაწვდომად აქცევს მას მკითხველთა ფართო წრისათვის, რომელიც პოლიტიკაში სათანადოდ გაცნობიერებული არ არის. მისი წაკითხვის შემდეგ ბევრი გასაოცარ ფაქტებს აღმოაჩენს და, ალბათ, აზრსაც შეიცვლის თანამედროვეობის ზოგიერთ მოვლენაზე“.megobari3

თეიმურაზ ქორიძე, ლიტერატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ექს-პარლამენტარი: „ეს ისტორიულად საჭირო წიგნია! ჩვენ წინათ გავურბოდით კრიტიკას, ჩვენში ხელმძღვანელთა გაკრიტიკება მიღებული არ იყო. აი ევროპაში კი, როგორც ეს პუბლიკაციებიც ადასტურებს, თავიანთი მმართველებისადმი მკვეთრად კრიტიკულად იყვნენ განწყობილი. ეს ძალიან სერიოზული და საწირო წიგნია“.

ნანა დევდარიანი, ჟურნალისტი, საქართველოს ექს-ომბუდსმენი: „მთლიანად ვუერთდები გულბაათ რცხილაძის თვალსაზრისს – ჩემთვისაც სასიხარულოა, რომ ეს წმინდა წყლის პუბლიცისტიკაა. პუბლიკაციების ავტორთა ზოგიერთ არგუმენტს, რასაკვირველია, შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ეს ნებისმიერ შემთხვევაში განსჯის საგანს წარმოადგენს! დარწმუნებული ვარ, რომ წიგნი თავისებური დეტონატორის როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი აზრისთვის და ბევრი, ვფიქრობ, მისი წაკითხვის შემდეგ, სხვადასხვა საკითხზე თავის პოზიციებსაც გადახედავს“.