პოლიტიკა
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს ბადრი ბასიშვილი დაიკავებს

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ბადრი ბასიშვილი დაიკავებს. აღნიშნული ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს.

თავად ბასიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელიას უკანონოდ შეუჩერებენ უფლებამოსილებას, არსებობს შესაბამისი ინსტანციები, სადაც გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდება.

ნიკა მელია არის საქართველოს პარლამენტის წევრი და თუ მას უკანონოდ შეუჩერებენ მანდატს, არსებობს შესაბამისი ინსტანციები, სადაც მოხდება ამ უკანონობის გასაჩივრება, დანარჩენი კომენტარების გაკეთება უადგილოა და გუნდი ნიკა მელიასთან შეთანხმებით მიიღებს ყველა შემდგომ საკითხებზე ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

ცნობისთვის, ბადრი ბასიშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის (2008-2012წწ.) პარლამენტის წევრი იყო. ამჟამად ბადრი ბასიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.