აქტუალური
ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაიცვალა

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2019 წლის 1 დეკემბერს უდროოდ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ანა მამულაშვილი.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომელი იყო. მუშაობდა „საქინფორმში“, ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ანა სულ 32 წლისა იყო. წლების განმავლობაში ის მამაცად ებრძოდა ვერაგ სენს და, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო, მისი ულამაზესი სული მაინც უდროოდ გაფრინდა ცათა სასუფეველში.

სიკვდილის არ ეშინოდა, ეგოიზმად მიაჩნდა სიკვდილის შიში. იქით ამხნევებდა მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და დაიბარა - არ მიგლოვოთო!

ის პოზიტივით, ხალისით, ღიმილით, სიცოცხლის წყურვილითა და სიყვარულით სავსე იყო!

მუდამ გვემახსოვრები, ანა!

საქინფორმი უღრმეს თანაგრძნობას უცხადებს ანა მამულაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს.

საქინფორმის რედაქცია