ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს საპარლამენტო უმრავლესობაში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი და „ქომაგი“ გამოუჩნდა.
საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე „მინისტრების კვირეულის“ ფარგლებში ყველაზე მეტი მხარდამჭერი განცხადება უმრავლესობის წევრების მხრიდან სწორედ სუბელიანის მისამართით გაკეთდა.საპარლამენტო ოპოზიციამ მინისტრს დევნილების გამოსახლების პროცესი, არასათანადო ადგილებში ჩასახლება, სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნილ ნანა ფიფიას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი და პრემიერ-მინისტრის ბრძანება შეახსენა, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორში განსახლების შემდეგ დევნილებს დახმარება უნდა შეუწყდეთ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი ეს დამოკიდებულება ამაზრზენ ტყუილებად და პოლიტიკურ უსინდისობად შეაფასეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ რატი სამყურაშვილის თქმით, „მას პირადად უნახავს, როგორ არ გაქცევია სუბელიანი პასუხისმგებლობას და როგორ სთხოვდა დევნილებს, პრობლემის შემთხვევაში, პირადად მას დაკავშირებოდნენ“.
უმრავლესობის წევრი პეტრე ცისკარიშვილი კი დარწმუნებულია, რომ „ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ გაღიზიანდა, რომ ყველაფერი კარგად არის“. „პოლიტიკურ უსინდისობაში გადაგეზარდათ ყველაფერი“, – მიმართა ცისკარიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მინისტრ სუბელიანს დღეს საკმაოდ ბევრი ისეთი დეპუტატიც გამოექომაგა, რომლებიც დებატებში, ტრადიციულად, არ აქტიურობენ ხოლმე, თუმცა ერთადერთი საკითხი, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობას კომენტარი არ გაუკეთებია, დევნილ ნანა ფიფიას თვითმკვლელობის ფაქტი იყო.