საზოგადოება
კომუნალური დავალიანებების ჩამოწერის ილუზია ნურავის ექნება

komunaluriiპარლამენტის გუშინდელ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა „ქართული დასის“ ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას გადასახადების ფინანსური ამნისტიის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ კომუნალური გადასახადების ამნისტია აღარ განხორციელდება.

„მთავრობამ არაერთხელ განახორციელა დავალიანებების ჩამოწერა 2006, 2007, 2008 წელს. ფინანსური ამნისტია უკვე გაკეთებულია და აღარ განმეორდება, რადგან ეს ჩვენ ჩვევაში არ უნდა გადაგვივიდეს“, – მიმართა ბაღათურიას ხეთაგურმა. მისივე განმარტებით, ხელისუფლება თუ ყოველ წელს ჩამოწერს დავალიანებებს, მაშინ ქვეყანაში აღარც შუქი იქნება და აღარც – გაზი.

შეგახსენებთ, გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების ერთიანი ქვითრით გადახდის ადმინისტრირება პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დააკანონა და მოსახლეობას 2011 წლის თებერვლიდან უკვე უწევს ერთიანი ქვითრით მიმდინარე თვის სამივე დავალიანების გადახდა.

რაც შეეხება ძველ კომუნალურ დავალიანებებს, დასუფთავების სამსახურმა გასულ წელს ჩამოწერა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კი ყველანაირი ხერხით ცდილობს, ამოიღოს ძველი ვალი, ის ვალი, რომელიც კომპანიას მმართველობის ხელში აღების შემდეგ ისედაც უნდა ჩამოეწერა.

საინტერესოა, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და მთავრობა რატომ უნდა უჭერდეს მხარს კერძო კომპანიას და არ ითვალისწინებდეს საკუთარი გადახდისუუნარო მოსახლეობის უკიდურესად დუხჭირ მდგომარეობას, თანაც, როცა დავალიანება წლობით ნაგროვებია. თუ ხეთაგურის განაცხადს დავუჯერებთ ვალების რამდენჯერმე ჩამოწერის შესახებ, მაშ, როგორღა აქვს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს 500 ლარის და მეტი დავალიანება?

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ ხელისუფლება და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქის მოსახლეობისგან წყლის არარსებული დავალიანების გადახდის უკანონოდ  მოთხოვნაში არაერთხელ დაადანაშაულა, რადგან ეს დავალიანებები უკვე დაფარულია და ამისთვის 15 მილიონი ლარი 2007 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო, რაც მითითებულია პარტიის მიერ წარმოდგენილ კონტროლის პალატის 2007 წლის დასკვნაში. ორიოდ დღის წინათ ლეიბორისტებმა კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემის გაუქმება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ამ მოთხოვნით, პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა, სს „თელასის“ ნაძალადევის რაიონის აბონენტთა მომსახურების ცენტრთან საპროტესტო აქცია გამართეს. პაატა ჯიბლაძის განცხადებით, გადახდის ერთიანმა სისტემამ უკვე დააზარალა ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ათეულობით ოჯახი, რომლებსაც წყლისა და დასუფთავების დავალიანებების გამო, დენის მიწოდება შეუწყვიტეს; ანალოგიური პრობლემები უახლოეს ხანებში მთელი თბილისის მოსახლეობას ემუქრება, რაც საბოლოოდ მასობრივი საპროტესტო ტალღის წამოწყებას გამოიწვევს.