საზოგადოება
ივანიშვილი პოლიტიკიდან მანამ არ წავა, სანამ საქართველოსა და რუსეთს შორის სააკაშვილის მიერ აღმართულ კედელს არ დაანგრევს - Bloomberg

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. სააგენტო „ბლუმბერგი“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში სახელწოდებით „არეულობა თბილისში მილიარდერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“ ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები იმართება, რაც „მილიარდერს და მის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური კოშმარით ემუქრება“.

სტატიაში მოყვანილია ციტატები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუდან. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აღნიშნული ინტერვიუ ქართველი მილიარდერის რეზიდენციაში, პარლამენტის მიერ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გამართულ კენჭისყრამდეა ჩაწერილი.

ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალა. მე განზე გავდგები, როდესაც ვნახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან. მანამდე ეს არ მოხდება“, – ამბობს ივანიშვილი „ბლუმბერგთან“ საუბრისას.

თუმცა, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, „საზოგადოებამ ივანიშვილს ასეთი არჩევანი შესაძლოა, არც მისცეს“.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა უარყო ოპოზიციის ბრალდება, რომ 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა მან ძალაუფლების გასახანგრძლივებლად ჩააგდო. ის ასევე უარყოფს, რომ კულუარებიდან მართავს პროცესებს. ამ ბრალდებაზე საპასუხოდ ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად იკავებს.

ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანა დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც ყველა ქართველისთვის იმუშავებს და ამავე დროს დატოვოს საქველმოქმედო მემკვიდრეობა, რომელიც გააცოცხლებს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და საქართველოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს“, – ნათქვამია სტატიაში.

მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად, მებაღე ვყოფილიყავი“, – აცხადებს ივანიშვილი „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კიდევ ერთი მთავარი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაა.

სტატიაში მოყვანილია ივანიშვილის კიდევ ერთი ციტატა, სადაც ის ივნისში თბილისში განვითარებულ პროცესებს აფასებს.

ის, რაც რუსეთმა გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ თუ ჩვენ აღვმართავთ კედელს, სიძულვილის ენას მივმართავთ და ერთმანეთს გავლანძღავთ, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, მაშინ სიტუაცია თავისით არასდროს მოგვარდება“, – ამბობს ივანიშვილი.

„ბლუმბერგის“ თქმით, ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაბრუნებას გამორიცხავს, თუმცა ამავე დროს მიანიშნებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, ვიდრე არ დაარწმუნებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ის საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ დაბრუნდება.

რომ გვქონდეს არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ნებისმიერ ძალას შორის, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, მაშინ მე წავიდოდი და თქვენ პოლიტიკაში ან პარლამენტში ვერ მნახავდით. თუმცა, ჩემს სოფელს არასდროს დავტოვებ“, – აცხადებს ივანიშვილი.

„ბლუმბერგი“ შვეიცარიელი ბანკირის თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკირის თაღლითობის მთავარი მსხვერპლია.

როგორც სტატიაში აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „კრედიტ სუისის“ თაღლითი მარტო ვერ იმოქმედებდა.

კრედიტ სუის ჯგუფის“ ყოფილი ბანკირი არ იყო მარტოხელა მგელი, როგორც იგი კომპანიამ თაღლითობისთვის გასამართლებისას დაახასიათა“, – განაცხადა მისმა ძირითადმა მსხვერპლმა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ პორტფელის ყალბი ამონაწერებით აღჭურვილი პატრის ლესკადრონი და მისი სულ მცირე, ორი კოლეგა არაერთხელ ესტუმრნენ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალაქგარე ვილას.

როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილის კომენტარი ეწინააღმდეგება ბანკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ლესკადრონი მარტო მოქმედებდა, ხოლო მისი კოლეგები საქმის კურსში არ იმყოფებოდნენ.

რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემთან მოდიოდა სამი ადამიანი, მოჰქონდათ ბალანსის ყალბი ამონაწერები. შეუძლებელია, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანს გაეკეთებინა. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ ეს ბანკი არ არის“, – ამბობს ივანიშვილი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, „კრედიტ სუისი“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე მდიდარი კლიენტებისთვის დაახლოებით 760 მილიარდ დოლარს მართავს, აცხადებდა, რომ ლესკადრონი იყო მარტოხელა მგელი, რომელმაც მოატყუა არა მხოლოდ თავისი კლიენტები, არამედ კოლეგებიც“, ხოლო მისი სქემა, რომელიც 2015 წელს, მის აღიარებით ჩვენებასთან ერთად დასრულდა, ემსახურებოდა სავაჭრო დანაკარგების ინვესტორებისგან მიღებული ფულის მეშვეობით დამალვას. ლესკადრონის ყოფილი უფროსის მიერ 2018 წლის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების თანახმად, მას წარმოდგენა არ ჰქონდა საკუთარი მოადგილის ტყუილის შესახებ.

სტატიის მიხედვით, სასამართლოს განაჩენის სხვადასხვა ასპექტები გასაჩივრების პროცესშია. ივანიშვილს არ სჯერა, რომ „კრედიტ სუისის“ ოდესღაც მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკირი კოლეგებისგან ასეთი ტყუილის დამალვას რვა წლის განმავლობაში ახერხებდა. ივანიშვილი უჩივის ბანკს იმ 140 მილიონი დოლარის დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად, რომელიც, მისი თქმით, ლესკადრონის გამო დაკარგა, ჟენევის ერთ-ერთმა სასამართლომ კი მას ზარალის ასანაზღაურებლად მიაკუთვნა. მისი წარმომადგენლის თანახმად, ივანიშვილს 100 მილიონ დოლარზე მეტი ეკუთვნის.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ბანკის ერთ-ერთმა სპიკერმა ივანიშვილის მიერ ნახსენებ ვიზიტებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადა. ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლოს დასკვნით, ლესკადრონი მაქინაციებს კოლეგებისგან მალავდა და მარტო მოქმედებდა. გარდა ამისა, სასამართლომ „კრედიტ სუისი“ „დაზარალებულ მხარედ“ ცნო. „თანამშრომლების არასათანადო ქმედებებზე „კრედიტ სუისს“ ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომა აქვს“, – განაცხადა ბანკმა.

სტატიის მიხედვით, ლესკადრონმა თქვა, რომ არ აპირებდა კლიენტების მოტყუებას, არამედ პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს დანაკარგი განიცადა. ამის გამო, მან დაიწყო სავაჭრო ორდერების გაყალბება, რათა ივანიშვილის ანგარიშებიდან აღებული ფულადი სახსრების მეშვეობით ფუჭი ფსონები დაეფარა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2018 წელს, ლესკადრონი დამნაშავედ ცნეს იმ სქემის ორგანიზებისთვის, რომელმაც 143 მილიონი შვეიცარული ფრანკის (144 მილიონი აშშ დოლარი) ზიანი გამოიწვია. ასევე დადგინდა, რომ სიცრუის შედეგად მან 30 მილიონი ფრანკის მოპოვება შეძლო. ბანკის სხვა კლიენტები, რომლებმაც სასამართლოზე ჩვენება მისცეს, ასევე დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ლესკადრონი ვერ მოახერხებდა ამდენი ხნის განმავლობაში თაღლითობას კოლეგების დახმარების ან თუნდაც, ბანკის ინფორმირებულობის გარეშე.

არის დრო, როცა უნდა ვეძებდეთ დამნაშავეებს და განვიხილავდეთ თეორიებს შეთქმულების შესახებ და არის დრო, როცა უნდა ვიღებდეთ კანონიერ გადაწყვეტილებებს და ამჟამად, ამ უკანასკნელის დროა“, – თქვა ლესკადრონის ადვოკატმა სიმონ ნტამ.

ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ვერ იხსენებს, კონკრეტულად რომელ წლებში შედგა ლესკადრონის ვიზიტები საქართველოში. გამოძიებასთან დაახლოებული პირის ინფორმაციით კი, ვიზიტი 2015 წლის ივნისში, აღიარებით ჩვენებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა, რა დროსაც, მას სამი კოლეგა ბანკირი ახლდა. თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, კოლეგები ადგილზე იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ ივანიშვილის მინდობილობითი ფონდების გადანაწილების საკითხი მის მეუღლესთან განეხილათ. ერთ-ერთი ბანკირის თქმით, მას არ უნახავს, რომ ლესკადრონს თავისი კლიენტისთვის რაიმე ამონაწერი გადაეცა.

ივანიშვილი ამბობს, რომ მის მიმართ შვეიცარიული ბანკის დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია, 1990-იანი წლების რუსული ბანკების შეუზღუდავ მეთოდებთან შედარებითაც კი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უწარმოებია ბიზნესი „ველურ, ველურ რუსეთში და საქართველოს ბანკებში, მას არ განუცდია არაფერი იმის მსგავსი, რაც ნახა „კრედიტ სუისში“.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთ ბანკს, როგორიც არის „კრედიტ სუისი“, მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო“, – ამბობს ივანიშვილი.

მხილების იძულების მიზნით, საქართველოს მოქალაქემ ბრძოლა სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდშიც განაგრძო, სადაც „კრედიტ სუისს“ აქვს მინდობილობითი ფონდები და სადაზღვევო ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა მისი ფულის ინვესტირება. გასულ წელს, ნიუ იორკში, მალკინის ადვოკატებმა „კრედიტ სუისს“ ფედერალურ სასამართლოში უჩივლეს. ისინი ცდილობენ, რომ „კრედიტ სუისს“ იმ დოკუმენტების გადმოცემა აიძულონ, რომლებიც, მათი აზრით, ლესკადრონის ქმედებას ნათელს მოჰფენს. ივანიშვილმა თქვა, რომ საქმე ეხება არა ფულს („იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მჭირდება“), არამედ პრინციპებს“, – აღნიშნულია სტატიაში, სადაც მოყვანილია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები – „რაც უნდა გახდეს საჭირო, რამდენი დროც უნდა დასჭირდეს, უკან არ დავიხევ“.