ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის №2 საპყრობილეში მყოფი პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან და ხელმძღვანელობის მხრიდან მათი უფლებები ირღვევა.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, შეისწავლოს ქუთაისის №2 დაწესებულებაში არსებული პრობლემები და მოახდინოს მათზე ადეკვატური რეაგირება.„სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებებით მიმართეს ქუთაისის №2 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა. განცხადებებში ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ირღვევა მათი უფლებები. კერძოდ, გართულებულია ექიმთან შეხვედრის პროცედურა. დაწესებულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პატიმარმა განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, ხოლო შემდეგ დაელოდოს გადაწყვეტილებას. ამასთან, ისინი არც სათანადო მედიკამენტებით არიან უზრუნველყოფილნი; მათ არ ეძლევათ საშუალება, პატიმრობის კოდექსით დადგენილი რეგულარობით (კვირაში ორჯერ) მიიღონ შხაპი – წყალი საკნებში გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდებათ; მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსით ხანმოკლე პაემანის ხანგრძლივობა 1-იდან 2 საათამდეა, მათ მხოლოდ 30 წუთით სარგებლობის უფლებას აძლევენ; ნაცვლად ერთი საათისა, სუფთა ჰაერზე ყოველდღე მხოლოდ 15 წუთით გაჰყავთ, რა დროსაც ზედამხედველები მათ უხეშად და დამამცირებლად ექცევიან; მათ არაერთხელ სცადეს, აღნიშნული პრობლემების შესახებ წერილობით მიემართათ სახალხო დამცველისთვის, თუმცა დაწესებულებიდან განცხადებები არ იგზავნება; დაწესებულების ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ტელევიზორების დაშვების თაობაზე“, – ნათქვამია გიორგი ტუღუშის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია ასახული ზოგიერთი ზემოაღნიშნული პრობლემა. მაგალითად, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა და ადეკვატურობა, სუფთა ჰაერზე გასვლის, ოჯახის მონახულების შესაძლებლობის არასათანადო უზრუნველყოფა, ტელევიზორების უქონლობა და ა.შ.
„უკანასკნელი საკითხის მოგვარება განსაკუთრებით აქტუალურია დახურული ტიპის დაწესებულებებში, როდესაც პატიმრები დღე-ღამეში 23 საათს საკანში ატარებენ და არ არიან დაკავებული არანაირი საქმიანობით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ციხის ევროპული წესებიცაა მოყვანილი ყველა იმ საკითხზე, რომელთა მოგვარებისკენაც ტუღუში მინისტრ კალმახელიძეს მოუწოდებს.