საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი თემები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, რაც საშუალებას მოგვცემს წინ წავიდეთ, მაგალითად, ზემო ლარსი, განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
პრაღაში გაიმართა ზურაბ აბაშიძის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა.
„შეხვედრების ზოგადი პრინციპია განვიხილოთ ურთიერთობები პოზიტიური და კონსტრუქციული თვალსაზრისით, მათში ვიპოვოთ არა მხოლოდ უარყოფითი მხარეები, არამედ ისეთი თემები და საკითხები, რაც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ ნაბიჯი - ჰუმანიტარული ურთიერთობები, ვაჭრობა. ჩვენ განვიხილეთ რეალური საკითხები. მაგალითად, ლარსზე მიმდინარეობს გამშვები პუნქტის მოდერნიზაცია, რომელიც ოპერირებას 2021 წლის ნოემბერში დაიწყებს და დღე-ღამეში 2 560 მანქანას გაატარებს”, - განაცხადა კარასინმა.
საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - ზემო ლარსი“ დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ორი ქვეყნის დიპლომატების პრაღაში შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავდნენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.