უცხოეთი
ევროპას არ სურს წარსულის გამეორება: მაკრონმა პუტინს წერილი გაუგზავნა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას, რომელიც საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებას ეხება. პარიზის პოზიციაზე საკუთარ მოსაზრებას ექსპერტი პაველ ტარუსინი გამოთქვამს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზადაა, განიხილოს რუსი კოლეგის ვლადიმირ პუტინის წინადადება ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის შემოღებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე წერს გაზეთი Frankfurter Allgemeine, რომელიც ირწმუნება, რომ ფლობს მაკრონის მიერ პუტინისადმი გაგზავნილი წერილების ტექსტებს.

რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მანამდე აცხადებდა, რომ ვლადიმირ პუტინმა „ევროპისა და აზიის ძირითადი ქვეყნების“ მეთაურებს გზავნილი აახლა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შესახებ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, როგორც გაზეთი წერს, 23 ოქტომბერს წერილს უპასუხა და პირობა დადო, რომ დეტალურად შეისწავლიდა პუტინის წინადადებას; ამასთან ის აღუთქვამდა რუსეთის ლიდერს, რომ ამ საკითხზე ორ- და მრავალმხრივ ფორმატებშიც იმსჯელებდა.

პარიზის პოზიცია შემდგომი მოლაპარაკებების იმედს იძლევა, დარწმუნებულია ექსპერტი პაველ ტარუსინი, რომელმაც საკუთარი აზრი რადიო Sputnik-ის ეთერში დააფიქსირა.

„მაკრონი რუსეთთან შერიგების, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენის პოლიტიკას განაგრძობს, რაც ევროპის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების ალბათობას შეამცირებდა. ევროპას ახსოვს გასული საუკუნის 70-იანი წლების მოვლენები, როდესაც ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ჩვენი „პიონერები“ და ამერიკული „პერშინგები“ თავსდებოდა. და მას იმ მოვლენების გამეორება აღარ სურს. მით უმეტეს, რომ მაკრონი არაერთმნიშვნელოვნად ეკიდება ნატოს. მაკრონის პოზიცია პოტენციურად იძლევა საშუალებას, მოიძებნოს გარკვეული მოედნები მოლაპარაკებებისთვის, რათა არ მოხდეს შეიარაღების ახალი სახეობების განთავსება, არ დააწვეს მძიმე ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტებს და არ შესუსტდეს ევროპაში უსაფრთხოება“, — მიაჩნია ექსპერტს.

საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებამ 2 აგვისტოს შეწყვიტა მოქმედება. ამის ინიციატორი აშშ იყო, რომელმაც რუსეთს შეთანხმების შეუსრულებლობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლას აპირებდა.

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ამერიკელებს ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე შემხვედრ პრეტენზიებს უყენებს.

sputnik-georgia.com