საზოგადოება
საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის - გაერო-ს ბავშვთა ფონდი

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის. საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩართვისა და მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში ორწლიანი პროგრამა დაიწყო. გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად საქართველოს პროექტში პარტნიორობას ბულგარეთი უწევს.

ბავშვების რომელ ასაკობრივ სეგმენტში დგას ყველაზე მეტად ეს პრობლემა, განათლების სამინისტროში ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ. სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებათაშორის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ორწლიანი პროექტი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც პირველ ეტაპზე 15 სკოლაში და ექვს დღის ცენტრში დაინერგება. საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განათლების მეორე შანსის პროგრამები დაინერგება საქარველოს ყველა სკოლაში.

ჩვენ „იუნისეფი“, გაერო-ს ბავშვთა ფონდი და ბულგარეთის მთავრობა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ სკოლაში სიარული, რადგანაც ამჟამად საქართველოში დღესდღეობით 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის. ჩვენ მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, ანუ „იუნისეფსა“ და ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად შევძლოთ დახმარება იმ ბავშვებისა, რომლებმაც უნდა განაგრძონ განათლების მიღება სკოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებმა შეძლონ სკოლაში განათლების მიღება, რადგან განათლება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და სხვა უფლებებთან ერთად, ბავშვებმაც უნდა შეძლონ, ამ უფლებით სარგებლობა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

პროექტის დაწყების აღსანიშნავად, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს ერთ-ერთი საპილოტე სკოლა და დღის ცენტრი თბილისში.