პოლიტიკა
კვეზერელი გადაყენებას გადაურჩა

bakur-kvezereliსაპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვეს, თუმცა დეპუტატთა სიმცირის გამო გადაწყდა, რომ შესაბამისი კენჭისყრა დღეს დილით შედგებოდა.

ოპოზიციურ ფრაქციას მიაჩნია, რომ ბაკურ კვეზერელმა სოფლის მეურნეობის დარგის კრიზისიდან გამოყვანა ვერ უზრუნველყო და მეტიც – არ აქვს ხედვა სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობამ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი მიზანშეწონილად არ ცნო და, შესაბამისად, კონკრეტულად პასუხისმგებლობაზე კენჭისყრაც აღარ ჩატარდა. „ქრისტიან-დემოკრატების“ ეს პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობამ „პირადი წყენის“ შედეგად შეაფასა და კვეზერელის პასუხისმგებლობის საკითხის დასმის მიზანშეწონილობაზე კენჭისყრა 10 ხმით 70-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბაკურ კვეზერელს მიმართა, რომ „ახლა შეუძლია, მშვიდად მიხედოს საგაზაფხულო სამუშაოებს“. თავის მხრივ, კვეზერელმა საპარლამენტო უმრავლესობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მზად არის, საგაზაფხულო სამუშაოებს მათთან ერთად შეუდგეს“.

ცნობისთვის: რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი უფლებამოსილია, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით პრემიერ-მინისტრის წინაშე მთავრობის ცალკეული წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვას. საკითხის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, ასევე, პარლამენტის წევრთა 6-კაციან ჯგუფს. საკითხის დასმის შესახებ განცხადება წერილობითი ფორმით პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ იწყებს შესაბამის პროცედურებს.