სამართალი
მეორე მცდელობა – ოპოზიცია კვლავ ცდილობს საქართველოს პარლამენტის მუშაობის ბლოკირებას

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციონერებმა დაადასტურეს, რომ აქციას მანამ გააგრძელებენ, სანამ ხელისუფლება ვითარების განსამუხტად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია და პარლამენტის შენობის პიკეტირება დააანონსა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობა რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბნენ. შემდეგ მშვიდობიანი მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტისკენ, სადაც შენობის პიკეტირება დაიწყება, რათა სამშაბათს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ვერ შეძლონ პარლამენტში შესვლა და სხდომის ჩატარება.

სამოქმედო გეგმის დეტალები ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.

ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წავა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მშვიდობიანი პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ვითარების განსამუხტად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიები შეთანხმდნენ, რომ აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება. აქცია სამშაბათის დილიდან გაგრძელდება.

ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქცია. გარდა ამისა, ჩატარდება მცირე აქციები სხვადასხვა დანიშნულების ადგილებზე, ლოკაციებზე. ეს იქნება გამოხატულება იმისა, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანა ხელისუფლების ტყუილმა და სიმშვიდეს მოიტანს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და არა პოლიციის და სპეცრაზმის დახმარებით ოპოზიციის და ხალხის მოთხოვნების იგნორირება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან არ გამორიცხა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამჯერადაც დაშლის აქციას, თუმცა მომიტინგეები პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ გაუწევენ.

აქციის სლოგანი იქნება „ერთად ერთის წინააღმდეგ“.

ახალი ინიციატივა

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის წინ პარტია „გირჩი“ ახალი ინიციატივით გამოვიდა – ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა გადავიდეს. „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმდინარეობს ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ამომრჩეველს სწორედ იმით აშინებს, რომ ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღმოჩნდება. ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ ეს ბერკეტი ხელისუფლებას ხელიდან უნდა გამოაცალოს.

ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი არ განუხილავთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ის მომავალში განიხილონ.

როგორც „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, გარანტია იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ გადავა, სამართლიანია.

ბურჯანაძის სიტყვებით, ის მომავალ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შანსს ვერ ხედავს.

რატომ ვაშინებთ ხალხს და რატომ ვეუბნებით, რომ არის შანსი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მე ამის შანსს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა, არ გადადგა ჭკუიდან და 55%-მა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა. თუ ახლა გაგიჟდა საქართველოს მოსახლეობის 55 პროცენტი, მაშინ დანარჩენმა 45%-მა ვიფიქროთ – ან თავს რა ვუშველოთ, ან ქვეყანას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, ერთადერთი გარანტია იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც გამორიცხავს ნებისმიერი პარტიის, მათ შორის, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ერთიანი საქართველოს“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის ერთმმართველობას.

წყარო: Sputnik-Georgia