საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაიბარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგს ეწვევა.
ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება, გავრცელდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და დავით ზალკალიანის ვიდეომიმართვა.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თავმჯდომარეობის ექვსი თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.