უცხოეთი
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი, რიჩარდ სპენსერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც პენტაგონის ვებგვერდზეა ნათქვამი, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნდობის დაკარგვა გახდა.

სპენსერის გადადგომა სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმის წევრის ედვარდ გალაჰერის გარშემო სკანდალს უკავშირდება, რომელსაც ერაყში ომის დანაშაულების ჩადენაში ედებოდა ბრალი. ესპერმა სპენსერს გადადგომის მას შემდეგ მოუწოდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის თეთრი სახლის თანამშრომლებს გალაჰერის საქმეში ჩარევისგან თავის შეკავებას სთხოვდა.

„სამწუხაროდ, ამის შემდეგ მივხვდი, რომ სპენსერს ვეღარ ვენდობოდი“, - აცხადებს მარკ ესპერი. მის შემცვლელად პენტაგონის ხელმძღვანელმა სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სპეცრაზმელის, ნორვეგიაში აშშ-ის ელჩის, კენეტ ბრეიტუეიტის კანდიდატურა დაასახელა.

ედვარდ გალაჰერს ბრალი ერაყის ქალაქ მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით სროლასა და დაჭრილის მკვლელობაში ედებოდა. თუმცა სასამართლომ ის დამნაშავედ მხოლოდ დატყვევებული ტერორისტის ცხედართან ფოტოს გადაღებაში ცნო.

imedinews.ge