პუბლიკაციები
10 წლის ლიზი ბეროშვილი: ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, გთხოვთ, არასოდეს იომოთ ჩვენ წინააღმდეგ, დაგვიბრუნეთ ტერიტორიები და მეგობრულად ვიცხოვროთ!

   10 წლის ლიზი ბეროშვილი დიდი ხანია, რუსულს დამოუკიდებლად სწავლობს. თარგმნის ქართველი პოეტების ლექსებს, დარეგისტრირებულია რუსულ სოციალურ ქსელში და აპირებს, რუს ბავშვებსა და რუსეთის პრეზიდენტს რამენაირად მიაწვდინოს ხმა. მისი ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება:

— დიდი მადლობა „ასავალ-დასავალს“, რომ მომცა საშუალება, ჩემი ოცნების შესახებ ყველას მოვუყვე. ჩემი ოცნებაა საქართველოს გამთლიანება და რუს ხალხთან მეგობრული თანაცხოვრება. გადავწყვიტე რუსულის სწავლა, რადგან მინდა, ხმა მივაწვდინო რუსებს. მივწერე ყველა სატელევიზიო გადაცემას, თუმცა, თქვენ გარდა აქამდე არავინ დამკავშირებია. ძალიან გამახარეთ!

— ლიზი, რისი თქმა გინდა ჩვენი გაზეთის საშუალებით?

— ძალიან, ძალიან მეშინია ომის და ზუსტად ვიცი, თუკი რუსეთის პრეზიდენტს და რუს ბავშვებს ქართველი ბავშვები მოვუყვებით ჩვენი განცდების შესახებ, ისინი ისევ გახდებიან ჩვენი მეგობრები და ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ.

— რატომ გეშინია ასე ძალიან ომის?

— იმიტომ, რომ ხშირად ვხედავ სიზმარში, როგორ ფეთქდება ბომბები ჩვენს სახლთან ახლოს, როგორ ინგრევა გარშემო სახლები და როგორ გავრბივართ ყველა ქუჩაში. ვხედავ, როგორ ყრია ტალახში ჩემი საყვარელი სათამაშოები.

ჩემს თემური ბაბუას, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, გული აწუხებს. რამდენჯერმე მესიზმრა, როგორ არ მისცეს წამლის დალევის უფლება ჯარისკაცებმა და ბაბუა დაიღუპა.

— ლიზი, რატომ ხედავ ასეთ სიზმრებს? ფილმებს ხომ არ უყურებ ომის შესახებ?

— არა. 2008 წლის ომის რამდენიმე ფოტო მაქვს ნანახი. დავინტერესდი და მესამე კლასში რომ ვიყავი, ინტერნეტში მოვ’ებნე. 2009 წლის იანვარში დავიბადე. დედა ორსულად იყო, როდესაც აგვისტოს ომი დაიწყო. თბილისის გარეუბანში ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. აფრიკის დასახლებასთან ახლოს ბომბი ჩამოვარდნილა და სახლში ფანჯრები ჩამსხვრეულა. დედა და მამა ლაგოდეხში გაქცეულან. ალბათ, დედას ძალიან რომ შეეშინდა, მეც შემეშინდა.

— რუსულს რატომ სწავლობ, რა მიზნები გაქვს?

— ვფიქრობ, რომ უფროსებს უჭირთ ერთმანეთთან საუბარი. ვფიქრობ, ადამიანები რომ იზრდებიან, გულწრფელობას კარგავენ და რასაც ფიქრობენ, პირდაპირ აღარ ლაპარაკობენ.

ძალიან მიკვირს, რატომ ვერ შე’ლეს აქამდე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა რუსეთის პრეზიდენტთან და იმ ხალხთან დალაპარაკება, ვისაც შეუ’ლია, დაგვიბრუნოს ჩვენი ტერიტორიები.

ვფიქრობ, რომ მათ თუ კარგად ავუხსნით, როგორ გვეშინია ომის და როგორ იტანჯებიან ის პატარები, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება მოუხდათ, ისინი დაგვიბრუნებენ ჩვენს მიწას. ვფიქრობ, რომ რუსი ხალხი კეთილია. არა მგონია, რომ ბოროტი იყოს.

— რატომ ფიქრობ ასე, ლიზი?

— ბაბუა მიყვება ხოლმე, რომ ბევრი რუსი მეგობარი ჰყავდა. ისინი ჩამოდიოდნენ ქუთაისში სტუმრად და ბებია და ბაბუაც მიფრინავდნენ მათთან. რაღაც ვიდეოებს მეც ვდებ და ვათვალიერებ ხოლმე რუსების ვიდეოებს სოციალურ ქსელ „ლაიქში“. ალბათ, თქვენც იცით „ლაიქი“? ისეთი კეთილები და მხიარულები არიან რუსი ბავშვები, არა მგონია, მათი მშობლები ბოროტები იყვნენ და ვინმეს სიკვდილი უხაროდეთ.

— ლიზი, მიმართე ვისაც გინდა ჩვენი გაზეთის საშუალებით! იქნებ შენმა ხმამ მიაღწიოს ადრესატამდე!

— რუსო ბავშვებო, თქვენი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარებით! ჩვენ, ქართველი ბავშვები, ძალიან კეთილები, ნიჭიერები და მხიარულები ვართ! ჩვენ არავისთან მტრობა და ბრ’ოლა არ გვინდა. სთხოვეთ თქვენს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენი მადლიერები, თუკი ამაში დაგვეხმარებით და ყოველთვის ვეცდებით, რომ სიკეთით გადაგიხადოთ სამაგიერო!

მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს. ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, თქვენ რომ 10 წლის იყავით, ალბათ, ძალიან გეშინოდათ ომის! ჩვენ, ქართველ ბავშვებსაც, ძალიან გვეშინია ომის! გთხოვთ, არასოდეს იომოთ ჩვენ წინააღმდეგ, დაგვიბრუნეთ ტერიტორიები და მეგობრულად ვიცხოვროთ!

ესაუბრა მეგი საჯაია