საზოგადოება
სისტემური, არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება - გიორგი ვაშაძე

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. „ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, ისინი მომავალი სამოქმედო გეგმების ჩამოსაყალიბებლად შეიკრიბნენ.

მათივე ცნობით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ისინი მშვიდობიან და არაძალადობრივ აქციებს იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.

ფილმი „მონანიება“ ხომ გინახავთ ყველას, ხომ გახსოვთ ფრაზა - „მაინც ამოვთხრით“. ზუსტად ეს არის ჩვენი სტრატეგიაც. სანამ თვითონ არ გამოვლენ და ყველაფერს გავაკეთებთ ოღონდ თავი დაგვანებეთო, ჩვენ მანამდე არ მოვეშვებით. არ დავიღლებით! სისტემური, არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქციები გრძელდება. აუცილებლად ამას ექნება კონკრეტული ხასიათი და ექნება კონკრეტული ქმედება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების დაპირების შესრულებაა, რომელიც 2020 წლის არჩევნების პირდაპირ პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებს.