საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ შეიძლება გამკაცრდეს, თუ კი ინფლაციის ზრდა არ შეჩერდება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა დონემ მოსალოდნელი 3%-ის ნაცვლად 6,9% შეადგინა. სურსათზე ფასები უკვე 13,5%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ. ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა.

დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზემოქმედება განეიტრალდა, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორწლიანი პერიოდის დასასრულ, ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაცვლითი კურსის ვარდნის შემდეგ ინფლაციური წნეხის ნეიტრალიზაციის მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერიდან დაიწყო. ამ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 8,5%-მდე გაიზარდა. შედეგად ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდა.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიმდინარე სიტუაციის ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული, რათა ნეგატიური პროცესების პროვოცირება არ მოხდეს.