აქტუალური
ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინათ

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძისა და მისი თანმხლები პირების წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

საქმე ეხება 2004 წლის 23 ნოემბერს თბილისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე საპატრულო პოლიციამ მოკლა. ინციდენტის დროს BMW-ს მარკის ავტომობილში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა — ამირან რობაქიძე, გიორგი წულუკიძე, ლევან ღონღაძე, პაატა ქიბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და კახაბერ აზარაშვილი. მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, მაშინდელმა ოპოზიციამ ეს საქმე „ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა" რიცხვს მიაკუთვნა.

მაშინდელი გამოძიების ვერსიით, პოლიციამ „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფი" დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლული იქნა, დანარჩენები კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ (2012 წელს) საქართველოს პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2018 წლის ბოლოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს თავისუფლება სხვადასხვა ვადით აღეკვეთათ.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში თავდაცვის მინისტრიც იყო, ამ დროისთვის იგი პატიმრობაშია. ოქრუაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ხელმძღვანელობის, ორგანიზებისა და არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

ადეიშვილი კი მრავალი წელია საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, ბრალი მას დაუსწრებლად წარედგინა.

წყარო: Sputnik-Georgia