აქტუალური
ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მათი ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში - ანტონიო ბარტოლი

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ არ ვკარნახობთ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, რომელიც საარჩევნო სისტემა უფრო მეტად მიესადაგება ამ ქვეყანას. ეს არის სუვერენული არჩევენი, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ელჩმა განაცხადა, შეხვედრაზე ითქვა, რომ ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში.

ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის ფრონტის მოსაზრება, რომელიც პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრისგან არის შემდგარი. მათ გამოხატეს იმედგაცრუება იმის გამო, რომ მმართველმა ძალამ არ შეასრულა პირობა და არ აამოქმედა პროპორციული სისტემა. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ აღვნიშნეთ, რომ პროპორციული სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით იყო ფართო კონსენსუსი და ცხადია, რომ ამ პროცესის შეჩერება აჩენს უნდობლობის, იმედგცარუების შეგრძნებას. ამასთან, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.

საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოლიტიკოსებმა ელჩებს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ინფორმაციით, ოფიციალურ მიმართვას გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს გაავრცელებენ. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პროტესტი კვლავ გაგრძელდება, მათ შორის პიკეტირების სახით.