პოლიტიკა
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს - ვოლსკი

საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციური პარტიების მიერ მართველი გუნდისთვის შეთავაზებული ინიციატივები არ შეესაბამება კონსტიტუციას, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის.

საქართველოს პარლამენტთან კვირას 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოიყარეს თავი, რათა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ჩაგდება გაეპროტესტებინათ, რაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლა იყო.

მე მგონია, რომ იმ ადამიანებს საკმაოდ ცოდნა აქვთ იმისა, რომ ზუსტად იცოდნენ, რომ ის შემოთავაზებები არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს“, - უპასუხა   გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და განიხილოს ინიციატივები, რომელთაც ოპოზიციური პარტიები აყენებენ.

გიორგი ვოლსკის თქმით, პიკეტირება ეს არის ამ ადამიანების პოლიტიკის შინაარსის გამოხატულება, რომ მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.

აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იწყებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. კერძოდ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, არ ვიშლებით და ვიწყებთ პარლამენტის მთლიანად პიკეტირებას, იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია“.

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საფრთხე, რომ ქვეყანა გაჩერდეს, ლარის კურსი დაეცეს და ეკონომიკური კოლაფსი შეიქმნას. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ასე რომ, სამუშაო ბევრია. ბიუჯეტი გვაქვს სულაც დასამტკიცებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ეს მიზანი, „ნაცმოძრაობას“ რაც ჰქონდა, რომელიც ლიდერია დღეს ამ საპროტესტო აქციებში, გარკვეულწილად განხორციელდა, რომ საზოგადოებაში გადავიდა დაპირისპირების მუხტი“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

რაც შეეხება ქვეყანაში მოქმედ შერეულ საარჩევნო სისტემას, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სწორედ ამ საარჩევნო სისტემით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ უკიდურესად რეპრესიული სისტემის მმართველობის პირობებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, 14 ნოემბერს გაირკვა, რომ ბევრი მაჟორიტარი ცვლილებების წინააღმდეგია. ორდღიანი მოლაპარაკების განმავლობაში მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდა.

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და მასშტაბური საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს.