პოლიტიკა
პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს დემონსტრანტებმა ბოქლომი დაადეს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და დემონსტრანტებმა გადაწყვიტეს, რომ შენობაში შესასვლელებში კარვები დადგან.

მანამდე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს. გიგი უგულავას თქმით, ბოქლომის გასაღებს ხალხს გადასცემენ. მან სამართალდამცველებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შიგნით შესვლას არავინ აპირებს.

მოგვიანებით სამართალდაცველებმა ბოქლომი მოხსნეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პიკეტირება ეს არის ოპოზიციონერების პოლიტიკის შინაარსის გამოხატულება, რომ მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება.

საქართველოს პარლამენტთან კვირას 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოიყარეს თავი, რათა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ჩაგდება გაეპროტესტებინათ, რაც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლა იყო.