აქტუალური
გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია - გია ვოლსკი

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სხდომაზე ასევე ისაუბრეს იმ საკითხთან მიმართებით, რომლის თანახმად უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

საკმაოდ წინააღმდეგობრივი კენჭისყრის შემდეგ, ყველას ჰქონდა სურვილი, რომ გამოგვეთქვა ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით. მთავარ თემაზე, რაზეც მივედით, საკმაო წუხილი გამოითქვა იმის გამო, რომ უმრავლესობა თორმეტმა ადამიანმა დატოვა. მყარად ითქვა, რომ უმრავლესობა სჭირდება არამარტო „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სჭირდება სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში სრული კონსენსუსია.