რელიგია
ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს. „მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად სურთ მოავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის“, - აღნიშნულია მიმართვაში.