საზოგადოება
კალაძემ აქციის მონაწილეებს შუათითი აჩვენა

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა, გარეთ თავისი ავტომობილით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს შუათითი უჩვენა. აღნიშნული ფაქტი ტელეკომპანია “ფორმულამ” გადაიღო.

აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან იყვნენ შეკრებილები. ისინი მმართველი პარტიისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

მმართველი პარტიის ოფისში გუშინ, 14 ნოემბერს, მეორედ გაიმართა უმრავლესობის სხდომა. დეპუტატებმა პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილეს, დაუჭერენ თუ არა მხარს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ. თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი მმართველმა გუნდმა ჩააგდო.